აშშ-ის ტექსასის შტატში მდებარე ქალაქ ვერნონთან ახლოს ფოტოგრაფებმა ერთდროულად ორი შთამბეჭდავი ატმოსფერული მოვლენა დააფიქსირეს. მათ მიერ გადაღებულ სურათებზე, რომლებიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, ერთმანეთის გვერდით ტორნადო და ცისარტყელაა ნაჩვენები. როგორც ცნობილია, აღნიშნულ არეალში ამავე დღეს რამდენიმე ტორნადო წარმოიქმნა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტიქიურ მოვლენას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ტორნადო მბრუნავი ჰაერის სვეტია, რომელიც ძირითადად წვიმის ღრუბლების ქვედა ნაწილში წარმოიქმნება და დედამიწის ზედაპირისკენ ეშვება. სპეციალისტების განცხადებით, მისი გარშემოწერილობა 80 მეტრიდან 3 კილომეტრამდეა, სიჩქარე კი 180-იდან 480 კმ/სთ-მდე მერყეობს. რაც შეეხება ცისარტყელას, აღნიშნულ ატმოსფერულ მოვლენას მზიდან მომავალი სინათლის ჰაერში არსებულ წყლის წვეთებთან ურთიერთქმედება იწვევს.