ოსტეოქონდროზი – ყველაფერი, რაც ამ დაავადების შესახებ უნდა იცოდეთ

ოსტეოქონდროზი ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებაა, რომელიც თავდაპირველად მალთაშუა დისკებზე მოქმედებს. შემდეგ კი, დროთა განმავლობაში, ხერხემლის მთლიან ანატომიურ სეგმენტსა და მიმდებარე სისტემებსაც აზიანებს. მისი მკურნალობის ხერხები კომპლექსურია და სხვადასხვა მიდგომას აერთიანებს. 

 

თუ კისრის, ზურგის ან წელის ტკივილი გაწუხებთ; გიჭირთ დახრა და მობრუნება; კიდურებში სისუსტეს გრძნობთ; ხელ-ფეხი გიბუჟდებათ ან ერთგვარ ჩხვლეტის შეგრძნება გაქვთ – მარტო არ ხართ. ამ სიმპტომებით მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი იტანჯება. მათი გამომწვევი მიზეზი კი შესაძლოა სწორედ ოსტეოქონდროზი იყოს. 

 

რა არის ხერხემლის ოსტეოქონდროზი, როგორია დიაგნოსტიკის გზები, მკურნალობის რა მეთოდები არსებობს და როდის უნდა მიმართოთ ექიმს – ამ და სხვა საინტერესო კითხვაზე პასუხს ამ სტატიაში იპოვით. 

რა იწვევს ოსტეოქონდროზს? 

ოსტეოქონდროზი ვითარდება მაშინ, როდესაც ხერხემალზე მოქმედი დატვირთვა მის აღდგენით შესაძლებლობებს აღემატება. ახლა სწორედ მის გამომწვევ შესაძლო მიზეზებზე ვისაუბრებთ. 

ხერხემლის გადატვირთვა – ხშირი და არასწორი დატვირთვა (მძიმე ნივთების აწევა, ხანგრძლივი ჯდომა, არასწორი პოზა) მალთაშუა დისკების მიკროტრავმებს იწვევს. დროთა განმავლობაში, ეს მათ სტრუქტურას აზიანებს.

ტრავმა – მაგალითად, ხერხემლის დაზიანება, დაცემა, ავარია ან სპორტული ტრავმა შეიძლება დეგენერაციული პროცესის დასაწყისი გახდეს.

ასაკობრივი ცვლილებები – ასაკის მატებასთან ერთად, მალთაშუა დისკები ელასტიურობასა და ტენიანობას კარგავს. ეს მათი დაზიანების რისკს ზრდის და ხელს უწყობს ოსტეოქონდროზის განვითარებას.

კუნთოვანი დისბალანსი – თუ სუსტი ან არათანაბრად განვითარებული კუნთები გაქვთ, ხერხემალზე დატვირთვა არათანაბრად გადანაწილდება. 

ცხოვრების წესი – ამაში იგულისხმება მჯდომარე რეჟიმი, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, არაჯანსაღი კვება. 

ჭარბი წონა – სიმძიმე ხერხემლის დატვირთვას იწვევს. განსაკუთრებით წელის არეში. 

გენეტიკური ფაქტორები – ზოგიერთ ადამიანს ხრტილოვანი ქსოვილის სწრაფი ცვეთისკენ მემკვიდრეობითი მიდრეკილება აქვს.

ჰორმონული და მეტაბოლური დარღვევები – ჰორმონების დისბალანსი თუ ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ძვლებისა და ხრტილების ჯანმრთელობაზე მოქმედებს.

კისრის გადატვირთვა – განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე ცხოვრებაში. ხანგრძლივი დაძაბულობა კი კისრის ოსტეოქონდროზს იწვევს. 

ოსტეოქონდროზი სიმპტომები – როგორ უნდა ამოიცნოთ პრობლემა? 

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ოსტეოქონდროზი ხერხემლის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც მალთაშუა დისკების სტრუქტურის ცვლილებით ხასიათდება. რაც შეეხება კონკრეტულ სიმპტომებს, ისინი შეიძლება განსხვავებული იყოს იმის მიხედვით, თუ ხერხემლის რომელი ნაწილია დაზიანებული.

არსებობს ძირითადი ნიშნები, რითაც ოსტეოქონდროზის ამოცნობაა შესაძლებელი. ახლა მათზე უფრო ვრცლად მოგიყვებით. 

კისრის ოსტეოქონდროზი

შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით ეს ფორმა ძალიან გავრცელებულია. განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს აწუხებთ, რომლებიც კომპიუტერთან დიდ დროს ატარებენ. შესაძლო სიმპტომებია:

  • თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, რომელიც ხშირად მოძრაობისას მწვავდება;
  • ტკივილი კისრისა და მხრების არეში – ის შეიძლება ხელებსაც გადაეცემოდეს;
  • ხელების დაბუჟება, განსაკუთრებით, თითების წვერებში;
  • ხმაური ყურებში ან მხედველობის დროებითი გაუარესება. შესაძლოა გეჩვენებოდეთ, რომ თვალწინ „წერტილებს“ ხედავთ. 

გულმკერდის ოსტეოქონდროზი

თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ გულმკერდის ოსტეოქონდროზის ამოცნობა შეიძლება უფრო რთული იყოს. ამის მიზეზი მარტივია – შესაძლოა სიმპტომები სხვა დაავადებით გამოწვეული გეგონოთ. მაგალითად, გულის პრობლემებით. ამ შემთხვევაში ადამიანი შემდეგ ჩივილებს გრძნობს:

  • ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც ღრმა ჩასუნთქვისას ან ფიზიკური დატვირთვისას ძლიერდება;
  • შეგრძნება თითქოს ზურგსა და გულმკერდს შორის რაღაც არის გაჭედილი;
  • ტკივილი ბეჭთაშუა მიდამოში.

წელის ოსტეოქონდროზი

ოსტეოქონდროზის ეს ფორმა ყველაზე ხშირად მძიმე ფიზიკური შრომის ან მჯდომარე ცხოვრების წესის დროს ვლინდება. მისი სიმპტომებია:

  • წელის მუდმივი ყრუ ტკივილი, რომელიც მკვეთრი მოძრაობისას მწვავდება (ე.წ. „ლუმბაგო“);
  • ტკივილის გადაცემა ფეხში – ის ხშირად დუნდულოდან იწყება და ტერფამდე ვრცელდება;
  • ფეხების დაბუჟება ან შეგრძნება, რომ ქვედა კიდურებზე „ჭიანჭველები დაცოცავენ“;
  • მოძრაობის შეზღუდვა – გაძნელებულია დახრა ან სხეულის მობრუნება.

გაითვალისწინეთ, რომ ოსტეოქონდროზის სიმპტომები ხშირად სხვა სერიოზულ დაავადებებს ჰგავს. ზუსტი დიაგნოზისთვის აუცილებელია ნევროლოგთან კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში, მრტ (მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია) ან რენტგენი.

დიაგნოსტიკა – როგორ დგინდება დაავადება? 

იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები გაწუხებთ, ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ. ეს მნიშვნელოვანია, რათა ცხოვრება სრულფასოვნად შეძლოთ. 

აქვე აღსანიშნავია, რომ ოსტეოქონდროზის დიაგნოსტიკა კომპლექსური პროცესია, რომელიც ნევროლოგთან კონსულტაციითა და ფიზიკური გასინჯვით იწყება. თავდაპირველად, ექიმი ხერხემლის მობილობას, კუნთების ტონუსსა და რეფლექსებს აფასებს.

მდგომარეობის ზუსტად დასადგენად კი კვლევის მაღალტექნოლოგიური მეთოდები გამოიყენება.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტად“ ითვლება. ამ დროს, დეტალურად ჩანს რბილი ქსოვილების, მალთაშუა დისკების, ნერვული დაბოლოებებისა და სისხლძარღვების მდგომარეობა. 

კომპიუტერული ტომოგრაფია საუკეთესო საშუალებაა ძვლოვანი სტრუქტურების ცვლილებებისა და ხერხემლის დეფორმაციების გამოსავლენად.

გახსოვდეთ, რომ დროული დიაგნოსტიკა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ვინაიდან, საწყის ეტაპზე გამოვლენილი დაავადება კონსერვატიულ მკურნალობას ექვემდებარება. ეს თავიდან აგაცილებთ ისეთ მძიმე გართულებებს, როგორიცაა მალთაშუა თიაქარი, ნერვის კომპრესია და ქრონიკული ტკივილი, რაც საბოლოოდ ცხოვრების ხარისხის შენარჩუნების გარანტიაა.

ოსტეოქონდროზის მკურნალობის რა გზები არსებობს?

რასაკვირველია, მკურნალობის მეთოდებსა და ხანგრძლივობას სპეციალისტი ადგენს. მისი გადაწყვეტილება დაავადების სტადიაზე, სიმპტომების სიმძიმესა და პაციენტის საერთო მდგომარეობაზეა დამოკიდებული. 

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე მედიცინა ძირითადად კომპლექსურ მიდგომას იყენებს. მასში კონსერვატიული და საჭიროების შემთხვევაში, ქირურგიული მეთოდები ერთიანდება. პირველ ეტაპზე უპირატესობა არაქირურგიულ მკურნალობას ენიჭება. 

მედიკამენტური თერაპია ტკივილგამაყუჩებლებისა და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებით შემოიფარგლება. მათი საშუალებით ტკივილი და ანთება მცირდება. გარდა ამისა, ხშირად ისეთი საშუალებებიც ინიშნება, რომლებიც კუნთების სპაზმს ამსუბუქებს. 

მნიშვნელოვანი როლი აქვს ფიზიოთერაპიას. სხვადასხვა პროცედურა – ელექტროფორეზი, ულტრაბგერითი თერაპია და თბური ზემოქმედება (მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, მწვავე ფაზის ჩაცხრომის შემდეგ) ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასა და ქსოვილების აღდგენას. ასევე აუცილებელია სპეციალური ვარჯიშები, რომლებიც კუნთებს ამაგრებს და ხერხემალზე დატვირთვას ამცირებს.

იმ შემთხვევაში, თუ კონსერვატიული მკურნალობა შედეგს არ იძლევა ან ნერვული სტრუქტურების მნიშვნელოვანი დაზიანება აღინიშნება, შეიძლება ქირურგიული ჩარევის საჭიროება დადგეს. როგორც წესი, ასეთ დროს პაციენტს ნეიროქირურგიის დეპარტამენტი იღებს. 

ხშირად დასმული კითხვები – FAQ 

რომელია ოსტეოქონდროზის ყველაზე ხშირი ფორმა?

ყველაზე გავრცელებულია წელის ოსტეოქონდროზი, თუმცა თანამედროვე ცხოვრებაში კისრის ოსტეოქონდროზიც საკმაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს. 

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

სპეციალისტთან ვიზიტი აუცილებელია თუ ტკივილი რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება, ძლიერდება ან ახლავს დაბუჟება და სისუსტე.

როდის არის საჭირო ოპერაცია?

ოპერაცია მხოლოდ მაშინაა საჭირო, როდესაც კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა ან არსებობს ნერვის ძლიერი კომპრესია.

 

spot_imgspot_img

მსგავსი სიახლეები