გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უამინდობა კვლავ გრძელდება - მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ყინვა და თოვლი მოსალოდნელია. თოვლის მცირე რაოდენობა შესაძლოა დედაქალაქშიც აღინიშნოს. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ 27 თებერვლიდან ნალექი შემცირდება და 28 თებერვლიდან უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
გურიაში უამინდობამ მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა - დიდთოვლობის გამო, სადაც თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა, რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე დარჩა. გადაადგილებაც შეზღუდულია, რაც კიდევ უფრო ართულებს ადგილობრივთა მდგომარეობას. ადგილობრივების დასახმარებლად მოხალისეთა ჯგუფი შეიკრიბა, რომელიც თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას პროდუქტით, მედიკამენტებითა და აუცილებელი საჭიროებებით ამარაგებს.
დიდთოვლობის პარალელურად, რთული მეტეოროლოგიური პირობები დასავლეთ საქართველოს მთიან ზონებში მეწყრული პროცესების, ზვავსაშიშროებისა და ლიპყინულის საფრთხეს ზრდის. რიკოთის საავტომობილო გზაზე, რომელიც ზვავის ჩამოწოლის გამო დროებით დაიხურა, გზის სავალი ნაწილის გაწმენდა უკვე დასრულდა და მოძრაობა აღდგენილია. თუმცა, ინტენსიური თოვის გამო, სპეციალური ტექნიკა გზის წმენდას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.
ბოლო დღეებში ხაშურის მუნიციპალიტეტში უხვმა თოვლმა სირთულეები გამოიწვია. სოფლების უმეტესობა და სურამის გარეუბნები ჩაკეტილია, თუმცა გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. მუშაობს ათამდე ერთეული ტექნიკა, რაც ეტაპობრივად უზრუნველყოფს ყველა დასახლებულ პუნქტთან მისასვლელ გზების გახსნას. მუნიციპალიტეტს ტექნიკით კერძო კომპანიებიც ეხმარებიან, რომლებიც დიდთოვლობის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობენ.
მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან, განსაკუთრებით რთულად მისადგომ ადგილებში, და საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის შესაბამის სამსახურებს მიმართონ.
მოემზადეთ ზამთრის ამინდისთვის! გაითვალისწინეთ სინოპტიკოსების პროგნოზი და იმოძრავეთ უსაფრთხოდ. უახლესი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Amindi.info -ს.