გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თოვლიანი ამინდი თვის ბოლომდე გაგრძელდება.
როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ყინვა, თოვლი და ქარბუქი. თბილისში სინოპტიკოსები უმეტესად ღრუბლიან ამინდს ელიან, ხოლო პერიოდულად შესაძლებელია თოვლის ნალექიც.
„დღეს დასავლეთ საქართველოში იქნება ძირითადად ღრუბლიანი ამინდი, თოვლი, ზოგან კი ძლიერი ნალექი. შესაძლოა ქარბუქიც დაფიქსირდეს. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონშიც თოვლია ნავარაუდევი, შესაძლოა ქარბუქი და ნისლიც იყოს. რაც შეეხება თბილისს, აქ ღრუბლიანობა დროდადრო მოიმატებს და მოსალოდნელია მცირე თოვლიც,“ - განაცხადა სინოპტიკოსმა ნონა ელისაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბარში.
რაც შეეხება საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეზღუდვებს, აქ არის განახლებული ინფორმაცია:
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის და ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის გზებზე თოვლის გამო:
- დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
- მსუბუქი ავტომობილები გადაადგილდებიან მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.
- დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ახალციხე-ნინოწმინდა, ახალქალაქი-კარწახი და ხაშური-ახალციხე-ვალეს გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
მოემზადეთ ზამთრის ამინდისთვის! გაითვალისწინეთ სინოპტიკოსების პროგნოზი და იმოძრავეთ უსაფრთხოდ. უახლესი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Amindi.info -ს.