მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება. მისი თქმით, ცივი და ნოტიო ჰაერის მასები შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება ჩვენს ქვეყანაში.
„ატმოსფეროში დაწყებული ცვლილებები გამოიწვევს ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას. მოსალოდნელი სიცივე დაკავშირებულია პოლარული ღარის გაძლიერებასთან აღმოსავლეთ ევროპაში, ხოლო არქტიკის დასავლეთ ნაწილში არქტიკული ანტიციკლონის ფორმირება, გაძლიერება და გაფართოება დაიწყება.
ეს პროცესები მთელ ევროპაზე იმოქმედებს, მათ შორის საქართველოზეც. 5-9 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ყველგან, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი – დაბლობში და ბარში თოვლჭყაპის, მთასა და მაღალმთიან ზონაში კი თოვლის სახით.
დღის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობზე +5°C-ს არ გადააჭარბებს, ხოლო მთიან რეგიონებში 0°C-ის ფარგლებში ან უფრო დაბალი იქნება.
წინ ზამთრისთვის დამახასიათებელი ცივი და ნოტიო ამინდი გველოდება. დაბლობში თოვლჭყაპი იქნება, ხოლო თოვლი მხოლოდ მთებში მოვა,“ – აღნიშნავს ფარტენაძე.
გაითვალისწინეთ, რომ ამინდის პროგნოზი შესაძლოა შეიცვალოს, ამიტომ რეკომენდებულია პერიოდულად გადაამოწმოთ უახლესი ინფორმაცია Amindi.info -ზე.